; რობოტების დანერგვა და ავტომატიზაცია - IT Academy STEP Tbilisi რობოტების დანერგვა და ავტომატიზაცია - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რობოტების დანერგვა და ავტომატიზაცია

ამბობენ, რომ 2022 წელს გლობალური ავტომატიზაციის ბაზარი 200 მილიარდ დოლარს გაცდება. რაც უფრო ვითარდება მანქანებისა და კომპიუტერების ინდუსტრია, მით უფრო იცვლება დასაქმების ბაზარიც.

ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც ნერვიულობს ბევრი ჩვენგანი, რომ მანქანები სამსახურებში ჩაგვანაცვლებენ და უმუშევრებს დაგვტოვებენ. მაგრამ ავტომატიზაცია უკვე საუკუნეებია რაც მიმდინარეობს, უფრო ზუსტად, ინდუსტრიული რევოლუცის შემდეგ. მას შემდეგ ბევრი წინასწარმეტყველებდა, რომ რობოტიზაცია მასიურ უმუშევრობას გამოიწვევდა და ადამიანებს ზედმეტებს გაგვხდიდა. დღეს კი ისეთი ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები აცხადებენ იმავეს, როგორებიცაა ფეისბუქი და მაიკროსოფტი. ამას ამატებენ, რომ ადრეული ინოვაციებისგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტისმაგვარი ახალი ტექნოლოგიების გავლენა გაცილებით უფრო დიდი იქნება, რადგან ბევრი ისეთი სამუშაოს ავტომატიზაცია გახდება შესაძლებელი, როგორიც ადრე შეუძლებელი ეგონათ. ხალხი, რომელიც ამას გვაფრთხილებს, თავად ქმნის ტექნოლოგიებს და თითქოს ჩანს, რომ სანერვიულო მიზეზიც ნამდვილად არსებობს.

გასაგები რომ იყოს მსჯელობა, თავდაპირველად უნდა განვიხილოთ ის, რაც წარსულში მოხდა. როგორ იცვლება დასაქმების კონტურები ახალი ტექნოლოგიების დანერგვით? როგორ ეხება ავტომატიზაცია ინდივიდების ცხოვრებას?

მეოცე საუკუნეში ავტომატიზაციამ ძირითადად რუტინული, მონოტონური და ძალისმიერი სამუშაო ამოიღო ადამიანის ცხოვრებიდან. სოფლის მეურნეობაში საქმიანობა შეიცვალა ვაჭრობითა და ქსოვილის წარმოებით, რაც მოითხოვდა ნაკლებ ფიზიკურ ძალას. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ქსოვილის წარმოების დიდი ნაწილი ავტომატური გახდა, მკერავების რიცხვი გაიზარდა, რადგან პროდუქტიულობის გაზრდამ გამოიწვია ტანსაცმლის ფასის კლება. ამან კი ადამიანებისთვის მეტი რაოდენობის ტანსაცმელი გახადა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა პროდუქტზეც და მკერავებზეც.

გარდა ამისა, როგორც ისტორიკოსი რობერტ ჰესენი (Robert Hessen) აღნიშნავს, ქარხნების სისტემის გაჩენამ გაზარდა ცხოვრების სტანდარტი ზოგადად და ჩვილთა სიკვდილიანობაც კი შეამცირა. გადარჩენის საშუალება მიეცა ათასობით ადამიანს, ვინც სხვა შემთხვევაში მოკვდებოდა თავის არასანიტარულ ან საშიშ სამუშაოზე. ადამიანები ამ დროს არა თუ გადაურჩნენ ავტომატიზაციას, არამედ სწორედ ავტომატიზაციის საშუალებით შეძლეს საკუთარი ცხოვრება გაეხადათ უკეთესი და ისე განვითარებულიყვნენ, როგორც არასდროს მანამდე.

მომპოვებელ ინდუსტრიაში კიდევ უფრო ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მაღაროელები აღარ არიან იძულებულნი, წერაქვები ურტყან ქვებსა და ტალახს, ამავდროულად გასწიონ უზარმაზარი თანმდევი რისკები. ახლა უკვე არსებობს სატვირთოები, მბურღავები, ბულდოზერები, მატარებლები და მთლიანი მაღაროები, რომლებიც ადამიანების გარეშე, ტელეფონის ხაზებით იმართება. აგრარულ ინდუსტრიაში აღარ არსებობს მოსავლის კრეფისას გატარებული გრძელი და მძიმე დღეები. ახლა უკვე მუშაობენ მანქანები, რომლებიც ზრუნავენ ამ საქმეზე და მინიმალურ ზედამხედველობას მოითხოვენ. ფერმები აწარმოებენ მეტ პროდუქტს ნაკლებ დროში, როცა ფერმერების ჯანმრთელობას ფიზიკური ზიანი საერთოდ აღარ ადგება.

როდესაც 70-იან წლებში ბანკომატები გაჩნდა, ზოგმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს გამოიწვევდა ბანკებში მოლარეების მუშაობის დასასრულს. წინასწარმეტყველება არასწორი აღმოჩნდა: ბანკომატების გაზრდილმა ეფექტურობამ და დაბალმა ფასმა გამოიწვია ის, რომ ბანკებმა მეტი ფილიალი გახსნეს. ამან კი თავის მხრივ მეტი მოლარის დასაქმება მოიტანა (1980–2010 წლებში ბანკის მოლარეების დასაქმება აშშ-ში 50 000ით გაიზარდა). თუმცა, შეიცვალა ამ მოლარეების სამუშაო: მათი საქმე ძირითადად ფულის გაცემიდან სხვადასხვა სახის ფინანსური სერვისის გაწევამდე გაიზარდა, რაც გაცილებით უფრო ინტელექტუალური და ნაკლებად მონოტონური სამუშაოა და უფრო კომპლექსურ უნარებსაც მოითხოვს.

პრინციპი ნათელია: ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა მეტი დოვლათის წარმოქმნა ადამიანის პროდუქტიულობის გაზრდით. დღეს უფრო მეტი დოვლათი იქმნება, ვიდრე აქამდე ოდესმე შექმნილა, თანაც უფრო ნაკლები სამუშაო ძალით. ეს ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს სხვა ტიპის პროდუქტიული საქმე აკეთონ და შექმნან სხვა დოვლათი. ტექნოლოგიების წყალობით შთანთქმული იქნა სახიფათო, არასანიტარიული და მონოტონური სამუშაოები, რის გამოც ადამიანებმა გადაწყვიტეს უფრო მომგებიან და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე გადასვლა იმავე ან ახალ ინდუსტრიებში. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს შტატებში დასაქმებულთა 90 პროცენტი ფერმებში მუშაობდა. დღესდღეობით 2 პროცენტზე ნაკლები აკეთებს იმავეს. დანარჩენი 88 პროცენტი შიმშილით იხოცება ან ქუჩაში მათხოვრობს? არა. დანარჩენებმა სხვა სფეროში დაიწყეს მუშაობა ან სრულიად ახალი ინდუსტრიები შექმნეს.

ტექნოლოგიების წყალობით გაიზარდა ჩვენი შრომის პროდუქტიულობა. ჩვენ ნაკლებ დროს ვხარჯავთ მუშაობისას, ვიდრე ადამიანები ხარჯავდნენ რამდენიმე ათწლეულის წინ და თან გამოვიმუშავებთ უფრო მეტ ფულს. ჩვენ გვაქვს მეტი დოვლათი და მეტი დრო ამ დოვლათის არა სამუშაო მიზნებისთვის დასახარჯად. ეს ნაწილობრივ ახალი ინდუსტრიების გაჩენის მიზეზიცაა. სამაგალითოდ განვიხილოთ ვიდეოთამაშების ინდუსტრია. ეს სფერო მთელ მსოფლიოში ასობით ათას ადამიანს ასაქმებს ისეთ სამუშაოებზე, როგორიც 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. რატომ განვითარდა ეს ინდუსტრია და რატომაა იგი ასეთი წარმატებული? იმიტომ, რომ ახლა ადამიანებს აქვთ თავისუფალი დრო ვიდეოთამაშებისთვის, ფული — მათ საყიდლად და ხარისხიანი გართობის მოთხოვნილება.

ფაქტია, რომ ავტომატიზაცია ადამიანების ცხოვრებას გაცილებით ამარტივებს და უფრო ხალისიანს ხდის ძალიან ბევრი მიმართულებით. ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი: ონლაინ შოპინგი. ადამიანები აღარ არიან იძულებულები, საჭირო ნივთების ყიდვისთვის, მაღაზიებში სიარულისას დახარჯონ საათები. ყიდვა ერთი კლიკითაა შესაძლებელი და მიტანას ძირითადად ორი დღე სჭირდება, რადგან ამ ნივთების მიწოდება მაღალი დონის ავტომატიზაციის და კომპიუტერიზაციის მქონე საწყობებითა და მიტანის სისტემებით ხორციელდება.

რაც შეეხება ტექნოლოგიური კომპანიების აღამსრულებელი დირექტორების გაფრთხილებებს ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ: მართალია, რომ ამჯერად ყველაფერი განსხვავებულად მოხდება?

კი, ერთი მხრივ, ეს მართალია. ტექნოლოგიები შთანთქავს ისეთ საქმეებს რომლებიც არა — პირდაპირ ფიზიკური, არამედ ინტელექტუალურია. მაგალითად, სამართლისა და მედიცინის ზოგიერთი სფერო. მეორე მხრივ, უფრო სავარაუდოა, რომ განსხვავებული ამჯერადაც არაფერი მოხდება. როგორც ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ თიელი (Peter Thiel) თავის წიგნში ,,ნულიდან ერთამდე” აღნიშნავს, კომპიუტერები არა ადამიანების შემცვლელები, არამედ მათი დამხმარეები არიან. “ადამიანები და მანქანები ფუნდამენტურად სხვადასხვა საქმიანობაში არიან ძლიერები”, ამტკიცებს თიელი. ადამიანებს კარგად გამოსდით გეგმების შემუშავება და გადაწყვეტილებების მიღება რთულ სიტუაციებში, მაგრამ არა დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავება, როდესაც კომპიუტერები ზუსტად პირიქით არიან. ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამირების განვითარება დიდებულია, თუმცა ეს ადამიანების გარეშე არაფერს ნიშნავს.

თიელი გვთხოვს რომ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლები დღეს. მაგალითად, იურისტმა უნდა შეძლოს ძალიან სპეციფიკური და კომპლექსური, მრავალცვლადიანი პრობლემების გადაწყვეტა. მან უნდა შეძლოს სხვებთან კომუნიკაცია სხვადასხვა გზით, იმისდა მიხედვით, თუ ვის ელაპარაკება: კლიენტს, მოსამართლეს თუ მოპასუხე მხარეს. ექიმებმა უნდა გაანალიზონ სიტუაცია, დიაგნოზის დასასმელად მათ მხედველობაში უნდა იქონიონ სხვადასხვა ფართო სპექტრის ფაქტორები, ფიზიკური სიმპტომებიდან ფსიქოლოგიურ ასპექტებამდე, რის შემდეგაც ექიმებმა უნდა შეძლონ კომუნიკაცია პაციენტებთან, რომლებიც სრულებითაც არ არიან მედიცინის ექსპერტები. “კომპიუტერებმა შესაძლოა შეასრულონ ზოგიერთი მოცემული დავალება, თუმცა მათ არ შეუძლიათ ამ დავალებების ეფექტური კომბინირება. უკეთესი ტექნოლოგია [ამ სამუშაოებზე] ვერ ჩაანაცვლებს პროფესიონალებს, ის მათ მეტის გაკეთების საშუალებას მისცემს”, ამტკიცებს თიელი. ის ასკვნის, რომ შეკითხვა მომავლისთვის არის არა: “რომელ პრობლემებს აღმოფხვრიან მხოლოდ კომპიუტერები”, არამედ “როგორ შეუძლიათ კომპიუტერებს ადამიანების დახმარება რთული პრობლემების აღმოსაფხვრელად?”

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ახლანდელი კვლევა იმავე მიმართულებისკენ მიგვანიშნებს და პროგნოზირებს შემდეგ 4 წელიწადში 75 მილიონი სამუშაო ადგილის ჩანაცვლებას მანქანებით, მაგრამ 133 მილიონი ახალი სამუშაოს გაჩენას, როგორც კი მანქანებსა და ადამიანებს შორის სამუშაოს გადანაწილება მოხდება და მუშაობის ეფექტურობა გაიზრდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრინციპი იგივე რჩება: ახალი ტექნოლოგიები გააგრძელებენ ადამიანის შრომის პროდუქტიულობის გაზრდას. ამრიგად, როგორც ეკონომისტმა ჯეიმს ბესენმა თქვა, ავტომატიზაციის პრობლემა არა, “მასობრივი უმუშევრობა, არამედ ადამიანების გადასვლაა ერთი სამუშაოდან მეორეზე”. ეს ცვლილება შეიძლება იოლი არ იყოს, ის ინდივიდების მხრიდან სწორი მენტალიტეტისა და დამოკიდებულების ქონას მოითხოვს, რათა მათ საკუთარ თავზე აიღონ თავიანთი განვითარება და წინსვლა.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ ავტომატიზაცია ჩვენი მტერი არ არის. წარმატების მისაღწევად ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს თანახმა, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ კარიერასა და ცხოვრებაზე. ეს პასუხისმგებლობა მოიცავს ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივებზე, ჩვენი დასაქმების შესაძლებლობების ანალიზს და ახალ ინდუსტრიებში განათლებას. ყოველშემთხვევაში, მთავარია, რომ ინდივიდები პოლიტიკურად იყვნენ თავისუფლები, რომ ეს ყოველივე გააკეთონ. მას შემდეგ, რაც ისინი თავისუფლები არიან, სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ტექნოლოგიური განვითარება დასაქმების ბაზარს ბოლოს მოუღებს. ჩვენ უნდა ვიყოთ კრეატიულები და გვსურდეს რისკების ჩვენს თავზე აღება. ჩვენ უნდა გვინდოდეს მოქმედება და წინსვლა, ერთ ადგილზე ყოფნის და იმის წუწუნის მაგივრად, რომ რობოტმა ერთ დღეს შესაძლოა ჩვენი სამუშაო შეასრულოს. თუკი ვერ შეძლებ ამ პასუხისმგებლობის შენს თავზე აღებას, ერთ დღესაც სწრაფი ტემპით მოძრავ დასაქმების ბაზარს შესაძლოა ჩამორჩე.

მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ მბეჭდავი, რომელიც ადრეულ 1990-იან წლებში აცნობიერებდა, რომ საბეჭდი მანქანები დაძველდებოდა, ხედავდა რა პერსონალური კომპიუტერებისა და საბეჭდი პროგრამების აღზევებას. ის იდგა არჩევანის წინაშე. ახალი ტექნოლოგიის სწავლა და, მაგალითად, მაიკროსოფტის საოფისე პროგრამების დაუფლება მისთვის ჭკვიანური ნაბიჭი იქნებოდა. მბეჭდავის წინაშე გაჩნდებოდა უფრო პროდუქტიული და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობათ ფართო სპექტრი, ვთქვათ, ექსელის ცხრილებსა და ვორდის დოკუმენტებში მუშაობა.

უფრო ვრცლად რომ ვთქვათ, ტექნოლოგიის წყარო ადამიანის გონება, მისი საუკეთესო გამოვლინებაა. ტექნოლოგიის მიზანი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა და არა მათი განადგურება. ავტომატიზაცია ინოვაციის ერთ-ერთი ფორმაა, ჩვენ უნდა მივიღოთ ის და მასთან ადაპტაცია უნდა მოვიწადინოთ. ტექნოლოგია გაბრწყინების საშუალებას გვაძლევს. აინ რენდის რომანის “ატლასმა მხრები გაშალა” გმირის სიტყვებით: “მანქანა ინტელექტის გაყინული ფორმაა. ის ძალაა, რომელიც შენი ცხოვრების პოტენციალს აფართოვებს შენი დროის პროდუქტიულობის გაზრდით.”

ეს ყოველივე ასევე ითარგმნება უფრო მეტად პროდუქტიულ საზოგადოებაში, რომელშიც პერიოდულად პრობლემებიცაა — რაც პროგრესის ბუნებაა — თუმცა მის წევრებს, თუკი პოლიტიკურად თავისუფალნი არიან, შეუძლიათ ფეხზე წამოდგნენ, სიახლეები ისწავლონ და განაგრძონ ინოვატორობა. ადამიანის შემოქმედებითობა უსაზღვროა — ვინ იცის, რა ინდუსტრიები შეიქმნება მომავალში და რა საქმიანობას მოითხოვენ ეს ინდუსტრიები? ადამიანისთვის ლიმიტები არ არსებობს.

არ დაკარგოთ დრო უქმად, შემოგვიერთდეთ და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ წარმატებისკენ სავალ გზაზე, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით. სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ აითვისებთ რამდენიმე დამატებით პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები